Friday, February 27, 2015

საქართველოს უნიკალური ბუნება და მისი დაცვა უსახსრო მოსახლეობისგან

ეს ბუნება განსაკუთრებულია არა სილამაზით, არამედ მასში არსებული მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობებით. საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი ბუნებაც უყვართ და მის განსაკუთრებულობაზე ლაპარაკიც. ისინი დიდი სიამოვნებით ატარებენ დროს ბუნების წიაღში და განცხრომას ეძლევიან, მაგრამ ტყესა და მთაში ყოფნისას არ ფიქრობენ იმაზე, რომ ამ მთა-ბარში 7000 სახეობის ყვავილოვანი მცენარე ხარობს, არც უნიკალურ ცხოველებსა და ხეებზე ფიქრობენ.
ხეზე ფიქრი მაშინ დაიწყეს, როცა მათ ბინებში აცივდა და გათბობის სხვა საშუალება აღარ ჰქონდათ, როცა ხე გასათბობად დასჭირდათ. ასე განადგურდა ტყე. იგივე დაემართა
თევზსა და პირუტყვს. კეთილშობილ ირემს, მაგალითად, ლამის ბოლო მოუღეს. რვა წლის წინ 700 ერთეული ბინადრობდა ამ იშვიათი ცხოველისა საქართველოს ტყეებში, ახლა კი 37-ღა დარჩა. საკუთარი ბუნების მოყვარული ქართველები ავტომატებით ნადირობდნენ ტყის ამ მშვენებაზე. ბრაკონიერებს შედარებით იოლად გადაურჩა მურა დათვი, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში 39 მათგანი ცხოვრობს.
ქართველებს თავიანი მთა-ბარი უყვართ, მაგრამ არ უვლიან.
ეს ასე იყო ყოველთვის, ოღონდ უწინდელ პოლიციურ სახელმწიფოში მხოლოდ განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილ პარტიულ მუშაკებს და მათთან დაახლოებულ ბრაკონიერებს ჰქონდათ შესაძლებლობა ეხოცათ ეს იშვიათი ცხოველები, საბჭოთა სახელმწიფოს დაშლის შემდგომ კი, განუკითხაობის ჟამს, ბუნებაზე შეტევა გაძლიერდა.
1990 წლიდან, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს, მაშინდელი პრეზიდენტის სურვილით, საქართველოს ბუნების დაცვის საქმეში აქტიურად ჩაერია საერთაშორისო ორგანიზაცია, სახელწოდებით “ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი”, რომელსაც მთავრობამ სთხოვა აღეწერა და მიეხედა საქართველოს მთა-ბარისთვის. არ შეიძლება არ ვახსენოთ უდო ჰირში - კაცი, რომელმაც, “ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის” დავალებით, ბუნების დამცველთა პირველსავე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. “ფონდმა” მიზნად დაისახა განესაზღვრა საქართველოს 7 დიდი ნაკრძალი. 1991 წელს, როცა საქართველოში პოლიტიკური გადატრიალება მოხდა, იმ დროისთვის უკვე შედგენილი რუკები განადგურდა. ახალმა ხელისუფლებამ “ფონდს” სთხოვა გაეგრძელებინა დაწყებული საქმე. ამჟამად ნაკრძალთა უმეტესობის საზღვრები დადგენილია. სულ მცირე, ქაღალზე მაინც დაცულია მაღალი და საშუალო მთიანეთის, ასევე, შავი ზღვისპირა ტენიანი, სუბტროპიკული რეგიონები. ქაღალდზეა დაცული, ვინაიდან რეალურად საქართველოს სახელმწიფოს ამგვარი მიზნებისთვის სახსრები არ გააჩნია.
“ფონდი” ფულს არ იშურებს საქართველოს ბუნების დასაცავად. მაგალითად, მხოლოდ ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალისთვის ორნახევარი მილიონი ევროა დახარჯული.
აქვე მოკლედ გიამბობთ ზემოხსენებული უდო ჰირშისა და აწ განსვენებული ენათმეცნიერის, პროფესორ გურამ რამიშვილის ერთ ინიციატივაზე, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ბუნების - და არამხოლოდ ბუნების - დაცვასთან. 1992 წელს შეიქმნა ამ ორი პიროვნების მიერ “CUNA Georgica” - საზოგადოება, რომლის მიზანი საქართველოს კულტურისა და ბუნების დაცვაა. ეს არაპოლიტიკური ორგანიზაციაა, თავისი წარმომადგენლობებით ზუგდიდსა და მესტიაში. ბუნებისა და ეროვნული ტრადიციების დაცვის გარდა, ეს პროექტი ემსახურება სოფლებში სოციალური და ეკონომიკური პირობების იმგვარად განვითარებას, რომ ბუნებრივი რესურსები ტრადიციული ფორმებით იქნეს გამოყენებული, ინფრასტრუქტურის სამომავლო გარანტიით. პროექტის ავტორებს ეს იდეა იმანაც გაუჩინა, რომ ხალხი სოფლებში, უსახსრობის გამო, იძულებულია ან ბრაკონიერი გახდეს, ან თვალი დახუჭოს ბრაკონიერობაზე. ეკოლოგიურ პოლიციას ბევრად მეტს უხდის ის, ვინც კანონს არღვევს, უკანონოდ ნადირობს ან თევზაობს.
“ბუნების დაცვის ფონდის” ინიციატივით, ნაკრძალების მიმდებარე არეალებში საგანგებო პროექტები ხორციელდება იმისათვის, რომ ხალხმა საკუთარი შრომით ოჯახის მიხედვა შეძლოს და ნაკრძალის ხარჯზე არ მოუხდეს ცხოვრება. ამის მაგალითია ბორჯომში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, რაც უცხოეთის - პირველ რიგში, გერმანიის - ორგანიზაციებთან “ფონდის” შუამავლობით განხორციელდა. ამავე რიგს მიეკუთვნება ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე სოფლების საქმიანობა: ხალხი იქ დაკავებულია სამკურნალო მცენარეების - ბარამბოსა და კრაზანას - მოშენებით. ლაგოდეხიდან მარაგდება ბუნებრივ სამკურნალო საშუალებათა ბაზარი. უფრო მეტიც, საქართველოში მოშენებული მცენარეები ევროპაშიც შეიძლება იქნეს გატანილი, რაც სოფლის მცხოვრებთ საკმარის შემოსავალს მოუტანს საიმისოდ, რომ ნაკრძალის სიმდიდრის ხელყოფაზე აღარ იფიქრონ.

No comments:

Post a Comment