რა ზიანი მოაქვს პოლიეთილენის პარკებს?!
ალბათ, ყველას გვინახავს ქალაქში თუ სოფლად, ხეებზე, გზებსა და მდინარის პირებზე შეფენილი და ჰაერში "მფრინავი" პოლიეთილენის პარკები. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. სტასტიკის მიხედვით, მსოფლიოში 1 წამის განმავლობაში 1 მილიონზე პოლიეთილენის პარკი იყრება, რომელიც ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება. გარემოს დაცვითი პროგრამების კოორდინატორის, რეზო გეთიაშვილის თქმით, პოლიეთილენის საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოყენების საკითხი საქართველოშიც მწვავედ დგას. მისი გაუვნებლებისთვის კი რამდენიმე გზა არსებობს.
- რა ზიანს აყენებს გარემოს პოლიეთილენის პარკები?
სტატისტიკა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ, მართლაც შემაშფოთებლია; ერთი წამის განმავლობაში, მსოფლიოში ერთ მილიონზე მეტი პარკი იყრება, რომ არაფერი ვთქვათ ვიზუალურ მხარეზე, ყოველდღიური გამოყენების პროდუქტი გარემოს დიდ ზიანს აყენებს. ცელოფანის პარკების პრობლემა თითქმის ყველა ქვეყანაში და მათ შორის - საქართველოში, მწვავედ დგას. გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე რომ არაფერი ვთქვათ, პოლიეთილენის პარკების წარმოებას კიდევ ერთი უარყოფითი მხარე აქვს - მათი წარმოებისას გამოიყენება სასარგებლო წიაღისეული, რომლის მარაგიც ბუნებაში უსასრულო არ არის.
- პოლიეთილენის პარკების განადგურების ერთადერთი საშუალება მათი დაწვაა?
არა, დაწვის დროს, მავნე ნივთიერებები გამოიყოფა, რომელიც ატმოსფეროს აბინძურებს. მათი განადგურება, ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან მათ შეგროვებას დიდი დრო სჭირდება. მათი გაუვნებლებისთვის ერთადერთი გამოსავალი პოლიეთილენის პარკების შეზღუდული რაოდენობით გამოყენებაა. ანუ, რაც შეიძლება ნაკლები აწარმოონ და შეძლებისდაგვარად მცირე რაოდენობით უნდა გამოიყენო. პოლიეთილენის პარკების შეგროვებაზე საუბრისას, საქართველოში დღემდე მოუგვარებელი ნაგავსაყრელების თემაც არ უნდა გამოგვრჩეს. მთელ ქვეყანაში სულ თითზე ჩამოსათვლელი ნაგავსაყრელი გვაქვს, რომელიც გამართულად მუშაობს. საქართველოში ოფიციალურად - 28, არაოფიციალურად კი - 63 ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს. მათგან გარემოზე ზემოქმედების ნებართვა და სამშენებლო პროექტი არც ერთს არა აქვს. ხშირ შემთხვევაში, უამრავი სოფლიდან ნარჩენები საერთოდ არ გააქვთ, რის გამოც მოსახლეობა ნაგავს ღია ცის ქვეშ, მდინარის პირზე ან პირდაპირ მდინარეში ყრის, რაც შემდეგ დიდ მანძილზე ვრცელდება. ქარის, მეწყრისა და წყალდიდობის დროს, ნაგავი თავისუფლად იფანტება, რადგან ბევრ მდინარეს სადრენაჟო სისტემა არა აქვს. ასევე, არ ხდება ნარჩენების რეგულარულად დატკეპნა. ასე რომ, ამ მხრივ ქვეყანაში ბევრი რამ არის მოსაგვარებელი...
არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს - თვითნებურად მოწყობილ ნაგავსაყრელებზე დაგროვილ პარკებში იწყება თვითაალება, რომლის დროსაც მიმდინარეობს მხრჩოლავი წვა. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს მათ ვინმემ ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ ასე არ არის. სინამდვილეში ეს არის ბუნებრივი პროცესი და ამ დროს ატმოსფეროში საშიში ნივთიერებები გამოიყოფა.
No comments:
Post a Comment