ნარჩენების მართვას აქვს დიდი გარემოსდაცვითი მნიშვნელობა და ამ საკითხის გადაწყვეტა გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, რაც აფერხებს მისი მართვის სწორად წარმართვას. ამიტომაცაა, რომ საქართველოში აქამდე არ არის მიღებული ნარჩენების მართვის ჩარჩო კანონი.
ნარჩენების პრობლემა პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ატმოსფერული ჰაერის, წყლის რესურსების და ნიადაგების დაბინძურებაზე. მისი არასწორი მართვა ცუდად აისახება ადამიანთა ჯანმრთელობაზე.
დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა ურბანული, ტყეებისა და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების (სავარგულების), დიდი და პატარა მდინარეებისა და ტბების დაბინძურება (მაგ: პოლიეთილენით და სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებებით), რომელთა სრულად დაშლის პერიოდი განისაზღვება ასწლეულობით.
არსებობს სხვადასხვა ტიპის ნარჩენები, როგორიცაა რადიაციული, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო, აგროქიმიკატების, სამშენებლო, ბიოლოგიური და სამედიცინო. მათგან გამოირჩევა საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ყოველდღიური საზრუნავია.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-განთავსებას კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს ქვეყნის ადგილობრივი მთავრობა. ამ მიმართულებით ძირითად პრობლემას წარმოადგენს ნარჩენების შესახებ კანონის არარსებობა, „შავი ბიზნესის“ ინტერესები, მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების დაბალი კულტურა, საზოგადოების გულგრილობა და ყალბი, პათეტიკური მიდრეკილება პიარ-აქციებისადმი (ერთჯერადი დასუფთავების აქციები, რომელიც ფართოდ შუქდება მასმედიის საშუალებით), ფინანსური და მატერიალური რესურსების სიმწირე და ადგილობრივი თვითმართველობების უუფლებობა.
დიდად საყურადღებოა მოსახლეობის მიერ სტიქიურად (უკანონოდ) ნაგავსაყრელების გაჩენით გამოწვეული გარემოს დაბინძურების პრობლემა სოფლად და ქალაქად.
ადგილობრივი ხელისუფლების როლს ნარჩენების მართვის სფეროში წარმოადგენს შემდეგი: მიწის ნაკვეთის გამოყოფა ნაგავსაყრელი პოლიგონისათვის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ნაგვის კონტეინერების შეძენა, კადრების მობილიზება და სწავლება, ამ პროცესის საკანონმდებლო და ფინანსური უზრუნველყოფა, ამ საკითხების გადაწყვეტისათვის ტენდერებისა და აუქციონების გამოცხადება-ჩატარება და ბოლოს აღნიშნულ პროცესებზე მონიტორინგის წარმოება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად.
ნაგავსაყრელის ადგილის შერჩევა არის დიდად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ცუდად შერჩეული ადგილი არის მაღალი ხარჯებისა და გარემოსათვის დამატებითი ზიანის მიყენების მიზეზი, ამიტომ ნაგავსაყრელის ადგილის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ნარჩენების მართვის სფეროში.
გამოთვლებით, ერთი წლის განმავლობაში 1 ტონა ნარჩენებიდან გამოიყოფა 10-20 მ3 ბიოგაზი, რომელიც შეიცავს დაახლოებით 60% მეთანს და 40% ნახშირორჟანგს. ნახშირორჟანგი ატმოსფეროს ბუნებრივი კომპონენტია, იგი აუცილებელია სხვადასხვა პროცესების წარმართვისათვის, მაგრამ მისი რაოდენობის მომატება ჰაერში იწვევს „სათბურის ეფექტს“.
მეთანი გამოიყენება იაფი ელექტროენერგიის მისაღებად, ასევე ნარჩენები ნედლეულია სხვადასხვა პროდუქციის (მაგ: პოლიეთილენისა და პოლისტიროლის გადამუშავების შედეგად მიიღება ახალი პროდუქცია ან ახალი პროდუქციის საბაზისო ნედლეული).
საჭიროა თანამედროვე ნაგავსაყრელი პოლიგონების შექმნა ევროსტანდარტების დონეზე, თანამედროვე სპეცსატრანსპორტო საშუალებების და დამხმარე ინვენტარის შეძენა, ნარჩენების პირველადი სეგრეგაცია, რეციკლირება, შემდგომი სეპარაცია, პოლიგონზე განთავსება, ელექტროენერგიის წარმოება და საბოლოო გაუნებელყოფა.
თუ მოხდება ყველა ამ პროცესის განხორციელება, გვექნება ნარჩენების მდგრადი მართვის სისტემა, დაცული იქნება ეკოლოგიური წონასწორობა, შემცირდება რისკები და მომავალი თაობა უფრო ჯანსაღ გარემოში იცხოვრებს.
No comments:
Post a Comment